logo
ENG



ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი ე.წ. სამეგობრო კრიმინალურ ერთობად იქცა - მათიკაშვილი

28 ივნ 202018:16
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ ხვალ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით დაამტკიცებს.

მათიკაშვილი ამბობს, რომ მმართველ ძალას საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებაში დამოუკიდებელი დეპუტატებიც დაეხმარებიან.

"ხვალ „ქართული ოცნება“ მულტიფრაქციულად, დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერით, ზედმიწევნით შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას და მესამე მოსმენით მიიღებს უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო კანონპროექტს. სწორედ ამ დროს, ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი ე.წ. სამეგობრო გადაიქცა კრიმინალურ ერთობად. პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს. პირდაპირ ამბობენ, რომ ისინი მმართველი გუნდის მიერ ფინანსდებიან, რაც შეურაცხყოფაა არა მხოლოდ ჩვენი პარტნიორების, არამედ ჩვენი სახელმწიფოსი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

8 მარტის შეთანხმების თანახმად, საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე უნდა იმსჯელონ. კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, 8 მარტს შედგა.

მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტპატიმრები - გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი - შეიწყალა, თუმცა გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. 


close დახურვა